logo
ENG



კობახიძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ოცნების "პრაგმატული პოლიტიკის" გამოხატულებაა

10 მაი 202323:25
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ოცნების "პრაგმატული პოლიტიკის" გამოხატულებაა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ქართული ოცნების "პრაგმატული პოლიტიკის" გამოხატულებაა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა და ასე შეაფასა ვლადიმერ პუტინის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების დაშვება.

"დღეს თუ ეს არის ჯილდო ქართული ოცნებისთვის, გამოდის, რომ 2019 წელს, მაშინ რუსეთმა ქართული ოცნება დასაჯა - ხომ მარტივი ლოგიკაა? რაც ჩვენ რუსულ ძალად გვაცხადებდნენ 2019 წელს, ანუ, მაშინ დასაჯა რუსული ქართული ოცნება, მათი განმარტებით, დღეს ახლა დააჯილდოვა, ეს სასჯელი მოუხსნა, სად არის აქ ლოგიკა? სინამდვილეში, რეალობა არის ერთი, რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ", - განაცხადა მან.

აქვე კობახიძემ თქვა ისიც, რომ რუსეთმა დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად "სანქცია" მოუხსნა რუსეთში მყოფ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს. მანვე ისაუბრა რუსეთის შესაძლო სანქცირებაზე და განაცხადა, რომ "ბუნებრივია" ამას მმართველი გუნდი არ გააკეთებს, რადაგნ ამით საკუთარ ქვეყანასა და ხალხს "არ დასჯის".

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა